გადაცემას „კანონის ფარგლებში“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ესტუმრა. 31 მაისს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნა, გადაცემა სწორედ აღნიშნულ მოვლენას დაეთმო.
ბატონო ლევან, როგორ ჩაიარა საზეიმო ღონისძიებამ?
ეს იყო შთამბეჭდავი და ლამაზი სანახაობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქტივობებში ჩვენი პირადი შემადგენლობის გარკვეული ნაწილი იყო ჩართული. მოხდა ჩვენი ტექნიკია და აღჭურვილობის დემონსტირება და გარკვეულწილად ეს ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებაც იყო. ძალების ასეთ მოკლე დროში წარმოჩენა რა თქმა უნდა, გარკვეულ რესურსს, უნარ-ჩვევებს, სამწყობრო და ტექნიკურ მომზადებას მოითხოვს. ჩემი აზრით, ღონისძიება ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი იყო.
რა სახის ტექნიკა ყავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყვანილი?
ჩვენი გადაწყვეტილებით, მოძრაობა ჩაიკეტა მხოლოდ ნაწილობრივ, გზის მეორე მხარე გახსნილი იყო. არანაირი მკაცრი შეზღუდვები არ ყოფილა, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელსაც ღონისძიების ჩატარება მოითხოვდა. მაგალითად, ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგებული იყო ავტომობილთა მოძრაობა, რაც გადაჭარბებული სიმკაცრე ნამდვილად არ არის. ტერიტორიის მიმდებარედ იყვნენ ასევე მოქალაქეებიც. რაც შეეხება დამსწრე საზოგადოებას – ბუნებრივია, რესურსების სიმცირის გამო, მრავალათასიან ტრიბუნას ვერ ავაგებდით და ყველა მსურველს ვერ მოვიწვევდით, ამიტომ ტელევიზიის შესაძლებლობები გამოვიყენეთ. მოძრაობა ღონისძიების დასრულებისტანავე აღდგა.
ხუმრობას დავამატებდი – წელიწადში 365 დღიდან 364 დღის განმავლობაში მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მძღოლები ქმნიან და წელიწადში ერთი დღე პოლიციელებმა რომ შევქმნათ ნაწილობრივი პრობლემა, იმედია საზოგადოება გვაპატიებს.
ბატონო ლევან, რა ვითარებაა დღეს ქალაქში, მძღოლები ცოტა მაინც არ გამოსწორდნენ?
ადრე დარღვევა თუ იყო ნორმა, დღეს დარღვევა უკვე ანომალიაა. მაგრამ რა თქმა უნდა, დარღვევები არის და არის ისეთი მძღოლების მხრიდან, ვისაც უბრალოდ არ უნდა, რომ საგზაო მოძრაობის წესებს დაემორჩილოს. როგორც წესი, ეს არის ახალგაზრდა, ახალბედა მძღოლების კატეგორია, ან ისეთი მძღოლები, ვისაც მოძრაობის აგრესიული, არაგამართლებული წესი მოსწონთ.
დავუბრუნდეთ ისევ პოლიციელის დღეს, დღევანდელ ღონისძიებებში რა სახის ტექნიკა იყო გამოყენებული?
ამ პასუხს ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ნაწილი ეხება იმ ტექნიკას, რომელიც არის ჩვენს ყოველდღიურ მოხმარებასა და გამოყენებაში, საპატრულო პოლიციის ავტომობილები და მოტოციკლები ანუ ბაიკები. ანუ ეს არის ყველაფერი ის – რითაც ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში. ამას ემატება ის ტექნიკა რომელიც არ არის ჩვენს ყოველდღიურ გამოყენებაში და რომელსაც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ. ჯავშან მანქანები, რომლებსაც არ გააჩნიათ რაღაც აგრესიული კომპონენტი და პირიქით, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი დანაყოფები მონაწილეობდნენ აქტივობებში?
ჩვენს სტრუქტურაში არის მთელი რიგი დანაყოფები და დეპარტამენტები და დღევანდელ ღონისძიებაზე თავისი წარმომადგენლები თითქმის ყველა მათგანმა გამოაგზავნა. გარდა იმ დანაყოფებისა, ვისაც ფუნქციონალურად არ შეეძლო ამის გაკეთება. ეს გახლავთ – სასაზღვრო პოლიცია, დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და მთელი რიგი სხვა დანაყოფები.
ბატონო ლევან, საინტერესოა მხოლოდ თბილისში აღინიშნა ეს დღე თუ რეგიონებიც შემოუერთდნენ?
რეგიონებშიც საკმაოდ მაღალი საზეიმო განწყობაა. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საზეიმო ღონისძიება თბილისის მასშტაბით გაგვეკეთებინა, რადგან რეგიონების გადატვირთვა ამგვარი ღონისძიებებით ალბათ არ იყო საჭირო. თუმცა, ბუნებრივია, თბილისში რეგიონების წარმომადგენლებიც იყვნენ წარმოდგენილნი.
ამ დღეს განსაკუთრებული დამსახურებების მქონე პოლიციელებს აჯილდოებთ ხოლმე, საინტერესოა, რა მოხდა წელს?
ჩვენი პოლიციელები ჯილდოვდებიან არამხოლოდ ამ დღეს, არამედ მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, პოლიციელის დღეს მიღებული ჯილდო გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და მიმზიდველია. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ გარდა იმ 12 ადამიანისა რომელიც მინისტრმა დააჯილდოვა, დღეს მთელს საქართველოში 1124 პოლიციელი დაჯილდოვდა. ეს გახლავთ სხვადასხვა ჯილდოები, სამკერდე ნიშანი – უმწიკვლო სამსახურისთვის, მადლობის სიგელები და ა.შ.
ბატონო ლევან, ქალების წილი როგორია საპატრულო პოლიციაში?
მთლიანობაში საპატრულო პოლიციაში ქალების წილი 20%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ჩვენთან არის -ისეთი დანაყოფები სადაც ქალთა წილი 90-95%-ს შეადგენს. ეს არის მაგალითად, თბილისის აეროპორტი, სადაც ძირითადად მანდილოსნები მუშაობენ.
საინტერესოა, ვისი იდეაა პოლიციელების დღის აღნიშვნა? შარშან ეს დღე 2 ივნისს აღინიშნა, წელს კი – 31 მაისს.. არსებობს თუ არა ფიქსირებული თარიღი და როდის აღინიშნა ეს დღე პირველად?
დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა. თუმცა, ლოგიკურია რომ 26 მაისს ამ დღეს ვერ ვიზეიმებთ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, მოვიწვიეთ ისტორიკოსები და გადაწყდა, რომ ეს დღე აღნიშნულიყო მაისის თვეში და საბოლოოდ – 31 მაისი შეირჩა.
1 ივნისი, 2017